''ტყუპების ღვინო'' 20 წლისაა!

2017-12-20
1305 ნახვა

ტყუპი ძმების გია და გელა გამტკიცულაშვილების კომპანია ''ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში'' ქვევრის ღვინის წარმოების ლიდერი კომპანიაა, რომელიც წელს  ღვინის წარმოების 20 წლის იუბილეს განსაკუთრებული სიახლეებით აღნიშნავს:

კომპანიამ გამოუშვა პრემიუმ კლასის საიუბილეო ღვინო ''ქვევრისა და კასრისა''. 1000 ბოთლი საფერავი და 1000 ბოთლი რქაწითელი - ორივე ღვინომ ქვევრში დურდოზე ექვსთვიანი დაყოვნების შემდგომ კასრებში ერთწლიანი დავარგება განიცადა.

საიუბილეო ღვინის ''ქვევრისა და კასრისას'' გაყიდვა ექსკლუზიურად მოხდება მხოლოდ ტყუპების საფირმო მაღაზიებში და ღვინის ონლაინ მაღაზიაში www.allwine.ge.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საიუბილეოდ შემოდგომაზე დაილუქა 20 სახელობითი ქვევრი. თითოეულ ქვევრში თითო ვენახის რქაწითელის და მწვანე ჯიშის ყურძენია ჩაწურული. ღვინომასალის დაყოვნება ხდება დურდოსთან ერთად.  ქვევრები გაიხსნება მარტში და თითოეული ქვევრიდან ცალ-ცალკე ინდივიდუალური სახელწოდებით ჩამოისხმება ბუნებრივად ნატურალური თვითდაწმენდილი 1000-1000 ბოთლი თავანკარა ღვინო. 20-ვე ქვევრის ღვინო ნატურალურია, თუმცა 4 ქვევრის ღვინო სრულიად განსაკუთრებული იქნება, რადგან მასში ტყუპების ვენახში ბიოსტანდარტებით მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი ჩაიწურა. 20-ვე ქვევრის ღვინო ორგანოლეპტიკურად და მცირედით მიკრობიოლოგიური შემადგენლობით განსხვავებული იქნება.

მარანში ღვინო 1979-1982 წლებში სოფელ ვარდისუბანში დამზადებულ ქვევრებში კეთდება. ''სწორედ ეს ქვევრები, ჩვენი ყოველდღიური შრომა ქვევრებთან, ოჯახური ტრადიციები, მხოლოდ ნაფარეულის მიკროზონაში შერჩევით მოკრეფილი მაღალხარისხიანი ყურძენი, მეცნიერული კვლევები ქვევრსა და ღვინოზე გვაძლევს საშუალებას დავამზადოთ მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინო და ვიყოთ ლიდერები ქვევრის ღვინის წარმოებაში'' - ამბობს გელა გამტკიცულაშვილი.

გაზიარება
ბლოგი © გელა და გია გამტკიცულაშვილები