ჩვენი ისტორია

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენი ისტორია

უძველესი ისტორია

ძვ.წ. VII-VIII ათასწლეულიდან-XIX საუკუნემდე

 

წინაპრები

ძვ.წ. VII-VIII ათასწლეული - „ნეოლითის“ ეპოქა - არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ - მთელი სამხრეთ კავკასიაშუ -  ის პერიოდია, როდესაც პირველყოფილი ადამიანი გამოვიდა გამოქვებულიდან და მუდმივ ადგილზე დაიწყო დასახლება.  ამ პერიოდში მან ტყიდან მრავალი მცენარე, მათ შორის ვაზიც გამოიტანა და მის კულტივირებულ მოვლას მიჰყო ხელი. ყოველდღიური მოხმარების საგნებს და ნივთებსაც ნედლი თიხისგან ამზადებდა. შემდგომ კი ისწავლა და დაიწყო თიხის დამუშავება და ცეცხლით გამოწვა, რათა მისთვის სიმტკიცე მიეცა.

ძვ.წ. IV-V ათასწლეული - სწორედ ამ პერიოდით თარიღდება შულავერში დანგრეულ გორაზე და ხიზანაანთ გორაზე ნაპოვნი კულტივირებული ყურძნის წიპწები. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არის თიხისგან გამომწვარი პირველი ჭურჭელი, რომელშიც ღვინო იდგა და რომელსაც დღევანდელი ქვევრის საწყისი ფორმა აქვს.

მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენით და ეთნოგრაფიული ჩანაწერით დგინდება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში XIX საუკუნემდე ქართველი ერი ინტენსიურად მისდევდა ვენახის მოშენებას (დღემდე შემორჩენილია ქართული კულტივირებული 500-ვაზის ჯიში) და საღვინე ჭურჭლად მხოლოდ ქვევრს იყენებდა.

 

ახალი ისტორია

XIX-XX საუკუნე

 

ცხრა ძმა გამტკიცულაშვილი

 ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიო მეცნიერებმა ახსნეს თუ რა არის ღვინო, რატომ იწყებს ყურძნის წვენი ჰაერზე მოხვედრისას დუღილს, როგორ გადაიქცევა ის სპირტად და ამ დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი. ამ აღმოჩენებმა და კაპიტალიზმის დამკვიდრებამ ხელი შეუწყო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სწრაფად განვითარებულიყო მევენახეობა-მეღვინეობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში საქართველოში ევროპიდან მუხის კასრების და ჩანების შემოტანის და ევროპული წესით ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დანერგვის მიუხედავად ქართველმა ერმა მაინც შეინარჩუნა ქვევრი და მასში ღვინის დამზადების წესები.

ზეპირსიტყვიერი გადმოცემით XIX საუკუნის 70-იან წლებში თელავის მაზრაში სოფელ ნაფარეულში ცხრა ძმა გამტკიცულაშვილებს უცხოვრიათ. ისინი მიწას ამუშავებდნენ და ძირითადად ვენახის მოვლით და ქვევრებში ღვინის დამზადებით ყოფილან დაკავებულნი. მათ ბევრი ქალ-ვაჟი ჰყოლიათ, თუმცა მეორე მსოფლიო ომში ცამეტი დასაოჯახებელი ვაჟკაცი გამტკიცულაშვილი დაღუპულა, ამას ადასტურებს სოფელში არსებულ მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული სახელი და გვარები.

ცხრა ძმიდან ერთ-ერთს - გიორგი გამტკიცულაშვილს ორი ვაჟი ჰყოლია - იოსებ და ფირუზა გამტკიცულაშვილები.

ფირუზა გამტკიცულაშვილი

ფირუზა გამტკიცულაშვილი 1898 წელს დაბადებულა სოფელ ნაფარეულში. 1923 წელს მას ცოლად მოუყვანია ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში მცხოვრები ნანა ქიტესას ასული ოსიყმიშვილი. 1925 წელს მათ შესძენიათ ქალიშვილი ნადია გამტკიცულაშვილი, ხოლო 1927 წელს ვაჟი ვალიკო გამტკიცულაშვილი.

ფირუზას საბჭოთა საქართველოში მოუწია ცხოვრება, ის და მისი ძმა იოსები, როგორც მათი მამა-პაპა და წინაპრები სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, ამუშავებდნენ მიწას, აშენებდნენ ვენახს და ყურძენს ძველებურად, მამაპაპურად ქვევრში წურავდნენ. ღვინო საუკეთესო ჰქონიათ და განთქმული ყოფილა მათ მხარეში.

1929 წელს საბჭოთა რეჟიმმა ფირუზა და მისი ძმა იოსები „გააკულაკა“, რადგან მათ უარი განაცხადებს „კოლექტივში“ გაწევრიანებაზე. ჩამოართვეს ხარ-კამეჩები, მიწები, მარანში და სახლში არსებული ნივთებიც. საბედნიეროდ ქვევრები არ ამოუღიათ მიწიდან, იოსებმა მთა თუშეთს შეაფარა თავი და მხოლოდ მოგვიანებით 60-იან წლებში დაბრუნდა სოფელში, მას შთამომავლობით ვაჟი არ დარჩენია. ფირუზა დაიჭირეს, გაასამართლეს და რუსეთში - შორეულ ციმბირში გადაასახლეს. ის იქიდან აღარ დაბრუნებულა.

ვალიკო გამტკიცულაშვილი

12 წლის ასაკში ვალიკო მამის გარეშე დარჩა. მას საბჭოთა საქართველოში მოუწია ცხოვრება, კერძო საკუთრება და ბიზნესი აკრძალული იყო. ახალგაზრდობა გაჭირვებაში გაატარა, საშუალო სპეციალური განათლება მიიღო ვაჭრობის დარგში. ფიზიკურად ბევრს შრომობდა, სოფელ ნაფარეულში კანონით დარჩენილ მამის მცირე - 2000 მ/კვ მიწის ნაკვეთზე 1973 წელს რქაწიტელის ვაზის ჯიშისგან ვენახი ააშენა და მამა-პაპისეულ მარანში შემორჩენილ ქვევრებში აგრძელებდა საგვარეულო ღვინის შექმნის ისტორიას.

1952 წელს მან ცოლად მოიყვანა ამავე სოფელში მცხოვრები ეთერ ონისეს ასული თვარაძე. მათ 1953 და 1955 წლებში ქალიშვილები დარეჯან და მზაღო გამტკიცულაშვილები, ხოლო 1962 წლის 7 მარტს ტყუპი ვაჟი გია და გელა გამტკიცულაშვილები შეეძინათ.

ვალიკოს ოცნება გამტკიცულაშვილების ქვევრის ღვინის ბოთლში გადატანა იყო, თუმცა ის ამას ვერ მოესწრო. ვალიკო 1999 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ბოლომდე ვენახის მოვლით და ღვინის დაყენებით იყო დაკავებული. მან თავის შვილებს ვაზის მოვლის და ღვინის შექმნის მამა-პაპისეული ცოდნა გადასცა.

 

უახლესი ისტორია

 

ტყუპი ძმები - გია და გელა გამტკიცულაშვილები

დაიბადნენ 1962 წლის 7 მარტს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში.

1979 წელს დაამთავრეს ნაფარეულის საშუალო სკოლა.

2005 წელს თბილისში დაამთავრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და გახდნენ მშენებელ ინჟინრები.

მუშაობა თავისი სპეციალობით დაიწყეს, თუმცა ქვევრში ღვინის დაყენებისთვის არასოდეს დაუნებებიათ თავი.

1991 წელს - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფოსგან მამა- პაპისეული ადგილები დაიბრუნეს.

1997 წელს - პირველი ქვევრის ღვინო ჩამოასხეს და მას „ოჯახური“ დაარქვეს.

2000 წლიდან დაიწყეს და მამა-პაპისეულ ტერიტორიაზე აღადგინეს მე-18 საუკუნის მამა-პაპისეული მარანი და არყის სახდელი - „ზავოდი“, მამის მიერ დატოვებული ვენახი და შეინარჩუნეს კომუნისტების მიერ 1960 წელს გაშენებული ვაზი.

2005 წელს თბილისში დაამთავრეს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი და გახდნენ მეღვინე ექსპერტები.

2006 წელს საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოთლში პირველებმა ჩამოასხეს თავიანთ ვენახში მოკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ქვევრის ღვინო.

2004 წელს გია და გელა გამტკიცულაშვილებმა მიაკვლიეს 1979-1982 წელს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ცნობილი ოსტატების მიერ დამზადებულ, 3-4 ტონიან,  ღვინის წარმოებისათვის საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებულ უხმარ ქვევრებს, რომლებიც თავიანთ მარანში გადმოიტანეს. მხოლოდ ასეთ 82 ცალ ქვევრში მზადდება ტყუპების სახელით ცნობილი ღვინო.

2004 წელს ტყუპების მიერ დაფუძნებული ღვინის კომპანია საქართველოს ღვინის ბაზარზე ქვევრის კახური ტიპის ღვინის წარმოებით და გაყიდვებით. ღვინის დაყენებაში შერწყმულია ოჯახური ტრადიციები, ქვევრის მოვლის საიდუმლოებები და თანამედროვე მეღვინეობა.

2009 წლიდან ტყუპების ღვინო წარმატებით იყიდება მსოფლიოს ბაზარზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, გერმანია, ბრიტანეთი.

ამჟამად გია და გელა გამტკიცულაშვილები არიან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორი და დოქტორანტი. ისინი მეცნიერულად სწავლობენ ქვევრის დამამზადებელ ნედლეულს - თიხას, ქვევრის დამზადების პროცესს და ქვევრის გავლენას ღვინოზე.

 

ღვინოებმა მოიგეს:

ოქროს მედალი „თეთრი მშრალი კახური 2010“

მაღალი ხარისხის ღვინო „თეთრი მშრალი კახური 2011“

მაღალი ხარისხის ღვინო „საფერავი 2011“

 

მოგვწერეთ


საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: 2211, ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
  • Email: info@cellar.ge; marketing@cellar.ge
  • ტელეფონის ნომერი: 599333884;
  • Web: cellar.ge

 

შემოგვიერთდით!