ახალი ისტორია

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი ისტორია

ახალი ისტორია

XIX-XX საუკუნე

 

ცხრა ძმა გამტკიცულაშვილი

 ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიო მეცნიერებმა ახსნეს თუ რა არის ღვინო, რატომ იწყებს ყურძნის წვენი ჰაერზე მოხვედრისას დუღილს, როგორ გადაიქცევა ის სპირტად და ამ დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი. ამ აღმოჩენებმა და კაპიტალიზმის დამკვიდრებამ ხელი შეუწყო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სწრაფად განვითარებულიყო მევენახეობა-მეღვინეობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში საქართველოში ევროპიდან მუხის კასრების და ჩანების შემოტანის და ევროპული წესით ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დანერგვის მიუხედავად ქართველმა ერმა მაინც შეინარჩუნა ქვევრი და მასში ღვინის დამზადების წესები.

ზეპირსიტყვიერი გადმოცემით XIX საუკუნის 70-იან წლებში თელავის მაზრაში სოფელ ნაფარეულში ცხრა ძმა გამტკიცულაშვილებს უცხოვრიათ. ისინი მიწას ამუშავებდნენ და ძირითადად ვენახის მოვლით და ქვევრებში ღვინის დამზადებით ყოფილან დაკავებულნი. მათ ბევრი ქალ-ვაჟი ჰყოლიათ, თუმცა მეორე მსოფლიო ომში ცამეტი დასაოჯახებელი ვაჟკაცი გამტკიცულაშვილი დაღუპულა, ამას ადასტურებს სოფელში არსებულ მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული სახელი და გვარები.

ცხრა ძმიდან ერთ-ერთს - გიორგი გამტკიცულაშვილს ორი ვაჟი ჰყოლია - იოსებ და ფირუზა გამტკიცულაშვილები.

ფირუზა გამტკიცულაშვილი

ფირუზა გამტკიცულაშვილი 1898 წელს დაბადებულა სოფელ ნაფარეულში. 1923 წელს მას ცოლად მოუყვანია ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში მცხოვრები ნანა ქიტესას ასული ოსიყმიშვილი. 1925 წელს მათ შესძენიათ ქალიშვილი ნადია გამტკიცულაშვილი, ხოლო 1927 წელს ვაჟი ვალიკო გამტკიცულაშვილი.

ფირუზას საბჭოთა საქართველოში მოუწია ცხოვრება, ის და მისი ძმა იოსები, როგორც მათი მამა-პაპა და წინაპრები სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, ამუშავებდნენ მიწას, აშენებდნენ ვენახს და ყურძენს ძველებურად, მამაპაპურად ქვევრში წურავდნენ. ღვინო საუკეთესო ჰქონიათ და განთქმული ყოფილა მათ მხარეში.

1929 წელს საბჭოთა რეჟიმმა ფირუზა და მისი ძმა იოსები „გააკულაკა“, რადგან მათ უარი განაცხადებს „კოლექტივში“ გაწევრიანებაზე. ჩამოართვეს ხარ-კამეჩები, მიწები, მარანში და სახლში არსებული ნივთებიც. საბედნიეროდ ქვევრები არ ამოუღიათ მიწიდან, იოსებმა მთა თუშეთს შეაფარა თავი და მხოლოდ მოგვიანებით 60-იან წლებში დაბრუნდა სოფელში, მას შთამომავლობით ვაჟი არ დარჩენია. ფირუზა დაიჭირეს, გაასამართლეს და რუსეთში - შორეულ ციმბირში გადაასახლეს. ის იქიდან აღარ დაბრუნებულა.

ვალიკო გამტკიცულაშვილი

12 წლის ასაკში ვალიკო მამის გარეშე დარჩა. მას საბჭოთა საქართველოში მოუწია ცხოვრება, კერძო საკუთრება და ბიზნესი აკრძალული იყო. ახალგაზრდობა გაჭირვებაში გაატარა, საშუალო სპეციალური განათლება მიიღო ვაჭრობის დარგში. ფიზიკურად ბევრს შრომობდა, სოფელ ნაფარეულში კანონით დარჩენილ მამის მცირე - 2000 მ/კვ მიწის ნაკვეთზე 1973 წელს რქაწიტელის ვაზის ჯიშისგან ვენახი ააშენა და მამა-პაპისეულ მარანში შემორჩენილ ქვევრებში აგრძელებდა საგვარეულო ღვინის შექმნის ისტორიას.

1952 წელს მან ცოლად მოიყვანა ამავე სოფელში მცხოვრები ეთერ ონისეს ასული თვარაძე. მათ 1953 და 1955 წლებში ქალიშვილები დარეჯან და მზაღო გამტკიცულაშვილები, ხოლო 1962 წლის 7 მარტს ტყუპი ვაჟი გია და გელა გამტკიცულაშვილები შეეძინათ.

ვალიკოს ოცნება გამტკიცულაშვილების ქვევრის ღვინის ბოთლში გადატანა იყო, თუმცა ის ამას ვერ მოესწრო. ვალიკო 1999 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ბოლომდე ვენახის მოვლით და ღვინის დაყენებით იყო დაკავებული. მან თავის შვილებს ვაზის მოვლის და ღვინის შექმნის მამა-პაპისეული ცოდნა გადასცა.

 

 

მოგვწერეთ


შემოგვიერთდით!

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი: ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველო.
  • Email: info@cellar.ge; marketing@cellar.ge
  • ტელეფონის ნომერი: 599333884;
  • Web: cellar.ge